Tamar Kapanadze's profile

ამბავი, რომელიც არასდროს გსმენია - მგლის ისტორია

სამი გოჭის ზღაპარი

მომჩივანი: ვეგეტარიანელი მგელი

ეს უსაქმური მწვალებლები! ჯერ ხომ ცხოვრება გამიმწარეს და ყველა ნერვი სათითაოდ დამაგლიჯეს, ახლა ბოროტი პერსონაჟის როლიც კი მომარგეს და მთელს ქვეყნიერებას დააჯერეს. არა რა, მეუბნებოდა ცხონებული ბაბუაჩემი სად გაგონილა ვეგეტარიანელი მგელი ჩვენს მგლურ სამყაროშიო და არ დავუჯერე. ხოდა მეტის ღირსიც ვარ! მაგრამ თუ ოდესმე ვინმე გადაწყვეტს ჩემს სვებედგამწარებულ ისტორიას მოუსმინოს, ახლავე ყველაფერს მოგახსენებთ, ოღონდ არა ისე, როგორც იმ ჯოჯოხეთის მაშხალებმა თავს მოგახვიეს. 

ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებდა ბუნების ნებისმიერ ქმნილებასთან, ყველა ცოცხალი არსება ხომ თავისებურად საოცარი და ჯადოსნურია (იმ სამი უვარგისის გამოკლებით, რა თქმა უნდა). ამიტომაც განვუდექი ჩემს ხროვას და მიწათმოქმედებას მივყე ხელი. პატარა ვეგეტარიანული პურ-ფუნთუშეულის საცხობიც გავხსენი. “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?”. არ ვიცი ეს სამი გოჭობის შემარცხვენელი რატომ გამომიგზავნა სამყარომ სასჯელად, მაგრამ მე სრულიად უდანაშაულო ვარ ამ განუკითხაობაში. ჯერ ხომ ვიტრინებიდან იპარავდნენ სულ ნარჩევ ნალოლიავებ ფუნთუშებს, შემდეგ კი უმოწყალოდ თელავდნენ ჩემი ეზოს ყვავილნარს. ძლივს გახარებული, დედაჩემის საყვარელი კესანეები სულ ძირფესვიანად ამოგლიჯეს. 

მეც ხომ მაქვს მოთმინების ფიალა? მერე რა, რომ ვეგეტარიანელი მგელი ვარ, იმ დღეს მოთმენა შეუძლებელი გახდა. ხორბლის ყანა მაქვს, რომელსაც შვილივით ვუვლი, ამ მოსავლით მაქვს ფქვილი, რომელსაც ფუნთუშების გამოსაცხობად ვიყენებ. და გამოიცანით ამ სამმა მუდრუგანამ რა ქნა? მთელი ხორბლის ყანა თავიანთი უწმინდური დინგებით საგულდაგულოდ გადათხარეს. დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია ასეთ დროს ემოციები მოთოკო და ბრაზი შეიკავო. ამიტომაც მივუვარდი იმ ქოხმახებში და სულ ერთიანად გავუცამტვერე ისე, როგორც ჩემი ნაწვალევი გამინადგურეს. ერთადერთი, რასაც ვნანობ ის არის, აგურის სახლს რომ ბულდოზერი არ მივაყენე და აგურ-აგურ არ დავუშალე ნაწილებად. 

ალბათ ახლა უკვე გესმით ჩემი სასოწარკვეთა და ფრთიან ანგელოზებად აღარ მიიჩნევთ ამ სამ ვითომ უცოდველ გოჭს.
ამბავი, რომელიც არასდროს გსმენია - მგლის ისტორია
Published:

Owner

ამბავი, რომელიც არასდროს გსმენია - მგლის ისტორია

Published:

Creative Fields